ვასილ ამაშუკელი დაიბადა 1886 წელს ქუთაისში. დაწყებითი განათლება ქართულ გიმნაზიაში მიიღო და შემდეგ სწავლა განაგრძო ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლაში. 1900 წლიდან ამაშუკელმა, ვასილ ბალანჩივაძის დახმარებით, მოსკოვის ბოლშაკოვის სამხატვრო სკოლაში განაგრძო სწავლა. მაგრამ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა. 1903 წლიდან ამაშუკელი ფრანგული ფირმის " გომონის" განყოფილებაში რუსი მექანიკოსის დიმიტრი ვოლკოვის ხელმძღვანელობით კინოგადაღების ტექნიკას დაეუფლა. ვასილ ამაშუკელი გახლავთ პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტი. 1908 წლიდან ამაშუკელი ჯერ ბაქოში, ხოლო შემდეგ ქუთაისში მოღვაწეობს. მან გადაიღო და მაყურებელს უჩვენა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური სიუჟეტები: "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სეირნობა პარკში", "ი. რამიშვილის სტამბის მუშაობა", "ხალხის სეირნობა ზღვის სანაპიროზე", "მუშაობა ნავთის ჭაბურღილებთან", "შეჯიბრება ცურვაში", "გუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მონაწილეობით", "ბაქოს ბაზრის ტიპები", "ქვანახშირის ზიდვა აქლემებით", "გემის გადმოტვირთვა", "ნავთის გადასხმა ტუმბოებით", "ქართული სცენის მოღვაწენი" და სხვა. 1910 წლიდან ვასილ ამაშუკელი ქუთაისში დამკვიდრდა. ამავე წელს პავლე მეფისაშვილმა და ტიხონ ასათიანმა ქუთაისში კინოთეატრი "რადიუმი" გახსნეს და კინომექანიკოსად ამაშუკელი მიიწვიეს, რომელმაც ახალი კინოთეატრი თავად დაამონტაჟა . ამავე დროს იგი გატაცებით იღებს მოკლემეტრაჟიან სიუჟეტებს, როგორიცაა: "მუშაობა ფერმაში", "ექსკურსია ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან", "გვირილობა", "ხონის აბრეშუმის საღები ფაბრიკა", "ლადო მესხიშვილის იუბილე", "ქუთაისის ხედები" და სხვა. ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული ფილმებიდან შემოგვრჩა მხოლოდ მისი ერთადერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს". ამ მოგზაურობაში ვასილ ამაშუკელი თან ახლდა აკაკი წერეთელს და ყოველ მნიშვნელოვან მომენტს იღებდა. ფილმი მთლიანად დააფინანსეს და ოპერატორი ვასილ ამაშუკელი ტექნიკურად უზრუნველყვეს კონოთეატრ "რადიუმის" დამაარსებლებმა ტიხონ ასათიანმა და პავლე მეფისაშვილმა. ამ ფილმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში. ფილმი ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ დოკუმენტურ კინემატოგრაფიას. ფილმის პრემიერა 1912 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში, კინოთეატრ "რადიუმში" გაიმართა. ჩვენებას აკაკიც დაესწრო, შეიკრიბა ნაღები საზოგადოება, უკრავდა კინოთეატრის ორკესტრიც... ფილმი აჩვენეს თბილისში, ჭიათურაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და სტამბოლში, ასევე ფილმმა მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები. ფილმს მაღალ შეფასებას მისცა ფრანგმა კინომცოდნემ ჟორჟ სადულიმ, რომელიც წერდა: „რამდენადაც ვიცი, 1912 წლამდე, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი არც ერთი ცნობილი პიროვნებისადმი არ მიუძღვნიათ“. ფირის ორიგინალი დაცულია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში კი 1954 წელს გადაღებული ასლი ინახება. 1971 წელს საქართველოს სამეცნიერო და პოპულარული ფილმების სტუდიამ ოპერატორის დაბადების 85 წლისთავის აღსანიშნავად გადაიღო ერთნაწილიანი, შავ–თეთრი დოკუმენტური ფილმი "ვასილ ამაშუკელი", ხოლო 1974 წელს მას რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ვასილ ამაშუკელი გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს და დაკრძალულია ქუთაისში, "მწვანეყვავილას" პანთეონში.